ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

სანერწყვე ჯირკვლის დაავადებები

ადამიანის ნერწყვის გამოყოფას ემსახურება ხუთი დიდი სანერწყვე ჯირკვალი აქედან ორი წყვილი ყბისქვეშა და ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლები, კენტი ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვალი და პირის ღრუს ლორწოვანში მდებარე მიმოფანტული მცირე სანერწყვე ჯირკვლები (ტუჩების, ლოყების, ენის და სასის). მცირე სანერწყვე ჯირკვლების დიამეტრი ზომაში რამდენიმე მილიმეტრია. ისინი განლაგებული არიან პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ლორწქვეშა შრეში. სანერწყვე ჯირკვლებში შესაძლებელია განვითარდეს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი დაავადება.

მცირე სანერწყვე ჯირკვალი წარმოადგენს ერთგვარ "ტომარას" ერთი სადინრით. მისი შიდა ზედაპირი მოფენილია ნერწყვის გამომყოფი უჯრედებით. სადინრის დახმარებით ბლანტი ნერწყვი გამოდის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე და ასველებს მას. მცირე სანერწყვე ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მცირე სანერწყვე ჯირკვლის „რეტენციული" კისტა, რადგან მისი სუსტი ადგილი მისი სადინარია. იგი მიკროსკოპულად მცირეა, ამიტომ, ლორწოვანის მცირე ტრავმისასაც კი ძალზედ იოლია მისი დაზიანება. მაგალითად, ნებისმიერი მექანიკური ტრავმა, დამწვრობა როგორც თერმული, ასევე ქიმიური პრეპარატებით იწვევს გამომტანი სადინრის დახშობას, ნერწყვის სეკრეცია ვეღარ ხორციელდება პირის ღრუში, მაგრამ ამ დროს თავად ჯირკვალი განაგრძობს ფუნქციონირებას და აგრძელებს ნერწყვის აქტიურ გამოყოფას. ყველაზე ხშირად ასეთ შემთხვევებში ვითარდება მცირე სანერწყვე ჯირკვლის რეტენციული კისტები, რომლის მკურნალობის ერთადერთი რადიკალური მეთოდია ქირურგიული ჩარევა. თვითმკურნალობამ და არაკვალიფიციურმა სამედიცინო დახმარებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადების მალიგნიზაცია (ავთვისებიანი გადაგვარება), მაგალითად, უკვე არსებულ წარმონაქმნზე მექანიკური ზემოქმედება და თერმული გაღიზიანება, რაც შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას და მასშტაბს რადიკალურად ცვლის.

ყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვალი ყბისქვეშა სამკუთხედში მდებარეობს და ადვილად ისინჯება ხელით, განსაკუთრებით - გადიდებისას. მისი სადინარი ენისქვეშა კორძებში იხსნება. ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვალი ყველაზე მცირე დამოუკიდებელი სანერწყვე ჯირკვალია. ის წაგრძელებული ოვოიდური ფორმისაა და ენის ძირზე, ენისქვეშა ნაოჭების ქვეშ მდებარეობს. ენისქვეშა ჯირკვალს ორგვარი სადინრები აქვს - დიდი ენისქვეშა სადინარი, რომელიც ყბისქვეშა ჯირკვლის სადინართან ერთად იხსნება ენისქვეშა კორძებში და მცირე ენისქვეშა სადინრები, რომლებიც ერთ მწკრივად იხსნება ენისქვეშა ნაოჭის მთელ სიგრძეზე. ყბისქვეშა და ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლის კეთილთვისებიან დაავადებებში ყველაზე ხშირად გხვდება სანერწყვე ჯირკვლის კენჭოვანი დაავადებები, რომლებიც იწვევენ გამომტანი სადინრის დახშობას და შემდგომში ანთებითი პროცესის განვითარებას სანერწყვე ჯირკვალში, რაც თავის მხრივ იწვევს სანერწყვე ჯირკვლების ზომაში ზრდას, შესიებას, ტკივილს განსაკუთრებით საკვების მიღების დროს, რადგან ვერ ხერხდება ნერწყვის სეკრეცია პირის ღრუში. ამ შემთხვევებში აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა, რომლის მაქსიმალური მასშტაბი სანერწყვე ჯირკვლის ექსტირპაციით (ამოკვეთით) განისაზღვრება. რაც შეეხება ავთვისებიან მიმდინარეობებს, მკურნალობის მასშტაბი განისაზღვრება დაავადების გავრცელებიდან გამომდინარე.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" უკვე 20 წელია დანერგილი და აპრობირებულია მცირე და დიდი სანერწყვე ჯირკვლების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების მკურნალობის ყველა შესაძლო ალგორითმი. კეთილთვისებიანი მიმდინარეობების დროს მკურნალობის მაქსიმალური მასშტაბი შემოიფარგლება მხოლოდ მცირეინვაზიური ქირურგიული ჩარევით, ხოლო ავთვისებიანი პროცესების დროს შერწყმული მკურნალობის ტაქტიკა დაავადების გავრცელებიდან გამომდინარე: ქირურგიული, სხივური თერაპია და მედიკამენტოზური მკურნალობა (ქიმიოთერაპია).

„მარდალეიშვილის სამედიცნი ცენტრის" მაღალკვალიფიციური პერსონალი უცხოელ კოლეგებთან ერთად და აშშ ნაციონალური კიბოს კვლევითი ჯგუფის მიერ მოწოდებული გაიდლაინების საფუძველზე (NCCN) კონსილიუმის საშუალებით არჩევს ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის რადიკალურ, სწორ და ადამიანის ორგანიზმზე ყველაზე ნაკლები ზემოქმედების მქონე მკურნალობის ტაქტიკას.