ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია #4
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30

კანი და რბილი ქსოვილები

ყოველდღიურ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად ვხვდებით კანის კიბოსწინა ფაკულტატურ დაავადებებს, როგორებიცაა კერატომა, მოხუცებულთა კერატოზი, კერატოაკანთომა, კანის რქა, წითელი ბრტყელი ლიქენი, ათერომა, დერმული და ეპიდერმული ცისტები, პაპილომები. მათი მკურნალობა მიმდინარეობს თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, სიმსივნის ზომიდან და ანატომიური მდებარეობიდან გამომდინარე ვიყენებთ კრიოდესტრუქციას, ახლოფოკუსიან სხივურ თერაპიას, კონსერვატიულ ქირურგიულ და ლაზეროქირურგიულ მეთოდებს.

ასევე, ჩვენს საექიმო პრაქტიკას უკავშირდება კანის კიბოსწინარე ობლიგატური დაავადებების გამოვლენა როგორებიცაა: დიუბრეის მელანოზი, ლენტიგოზური მელანოციტური დისპლაზია, ნევუსები. მკურნალობა ძირითადად ქირურგიულია, რის შემდეგაც პაციენტები ამბულატორიული დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ცხოვრების მე-5, მე-6 და მე-7 დეკადის ადამიანებში საკმაოდ ხშირად ვხვდებით თავის თმიანი საფარველის და კანის სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნურ დაავადებებს, მათ შორის უდიდესი ნაწილი უჭირავს კანის ბაზალურუჯრედულ კარცინომას (იგივე ბაზალიომა), ამ პათოლოგიის ქირურგიულ მკურნალობას ვაწარმოებთ ონკოლოგიური პრინციპების დაცვით, ოპერაცია ატარებს რადიკალურ ხასიათს, რის შემდეგაც არცთუ იშვიათად საჭირო ხდება ქსოვილოვანი დეფექტის დაფარვა ადგილობრივი ქსოვილების გამოყენებით, ვაწარმოებთ პლასტიკას როტირებული ან თავისუფალი ნაფლეთების გამოყენებით. პაციენტები მკურნალობის შემდგომ რჩებიან ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე, რაც საშუალებას გვაძლევს, დინამიკაში ვაკონტროლოთ ჭრილობის მდგომარეობა, დაავადების რეციდივის შემთხვევაში მისი ადრეული გამოვლენა. ხშირია კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს დიაგნოზით მომართვიანობა, ადრეულ სტადიებზე ვმკურნალობთ ახლოფოკუსიანი რენტგენოთერაპიით ან კრიოდესტრუქციით, ასევე ჩვენს კლინიკაში არსებული CO2 ლაზერის გამოყენებით. სიმსივნის დიდი ზომების შემთხვევაში ნაჩვენებია სხივური თერაპია ან სიმსივნის ვრცელი ქირურგიული ამოკვეთა. ლიმფური კვანძების დაზიანების შემთხვევაში ვატარებთ შესაბამისი ლიმფური მეტასტაზირების გზების ლიმფოდისექციას.

ცალკე ყურადღება უნდა დავუთმოთ კანის მელანომას, რომელიც ესოდენ აგრესიულად მიმდინარე სიმსივნეა, კომპლექსური მიდგომით ხდება დაავადების რადიკალური ამოკვეთა ქირურგიული გზით და საჭიროების შემთხვევაში შემდგომი სხივური/ქიმიოთერაპიის ჩატარება.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" ონკოდაავადებულთა მკურნალობა ტარდება თანამედროვე ონკოლოგიური პრინციპების და საერთაშორისო გაიდლაინების მკაცრი დაცვით. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი განაპირობებს ჩვენს კლინიკაში არა მხოლოდ ქართველი პაციენტების მომართვიანობას, არამედ მოსაზღვრე ქვეყნებიდან პაციენტების მნიშვნელოვან ნაკადს.